სიახლეები

07 მაისი, 2020

ნათია მეზვრიშვილმა საერთაშორისო კონფერენციაში “სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ მიიღო მონაწილეობა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა 2020 წლის 6-7 მაისს საქართველოს თავმჯდომარეობის ეგიდით თბილისის მერიისა და ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში “სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ მიიღო მონაწილეობა. 

ღონისძიების მიზანს ადგილობრივ, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის წარმატებული და ნოვატორული გამოცდილების გაზიარება, არსებული გამოწვევების გამოვლენა და ამ მიმართულებით ევროპის საბჭოს საქმიანობის წარმოჩენა წარმოადგენდა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გლობალურმა პანდემიამ მსოფლიოში რეალობა მრავალი მიმართულებით შეცვალა, ადამიანის უფლებების დაცვა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის უზრუნველყოფა ქვეყნის მთავარ პრიორიტეტებად რჩება.

ნათია მეზვრიშვილმა მოხსენებაში დეტალურად ისაუბრა ღია მმართველობა საქართველოს პროცესის გაუმჯობესებისთვის განხორციელებული ცვლილებების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მთავრობის მიზანია ქვეყანაში თანამონაწილეობის პრინციპის უფრო მაღალ დონეზე აყვანა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება. მისი თქმით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან აქტიური განხილვების შედეგად, ღია მმართველობა საქართველოს ახალი ეტაპისთვის სამი ძირითადი ამოცანა განისაზღვრა:

  • ღია მმართველობის პროცესში მაღალი რანგის გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ჩართულობის გაძლიერება;
  • ქვეყნის ღია მმართველობის პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება და
  • ღია მმართველობის ფარგლებში ამბიციური რეფორმების ინიცირება.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, სწორედ აღნიშული ამოცანების მიღწევას ისახავდა მიზნად ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შექმნა, რომელიც მთავრობის მაღალი რანგის მაკოორდინირებელ, გადაწყვეტილების მიმღებ სათათბირო ორგანოდ ჩამოყალიბდა. აღნიშნული სამოქალაქო საზოგადოების წევრებს საშუალებას აძლევს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს ადვოკატირება უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან გაუწიონ და რაც ასევე უმნიშვნელოვანესია, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხმის უფლებით მიიღონ მონაწილეობა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, დემოკრატიული ღირებულებები, ღიაობა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა სწორედ ის პრინციპებია, რაც საზოგადოებას ხელშესახებ შედეგებს მოუტანს როგორც პანდემიის, ასევე პოსტ-პანდემიური კრიზისის პერიოდში.

საქართველო ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა 2019 წლის ნოემბერში გახდა. სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში საქართველოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ზემოხსენებული ღონისძიება სწორედ ამ პრიორიტეტის ფარგლებში დაიგეგმა.

გეგმის თანახმად, ღონისძიება მიმდინარე წლის მარტში, ევროსაბჭოს ცენტრალურ ოფისში უნდა გამართულიყო, თუმცა ახალი კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით, შეხვედრა ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.

ონლაინ კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი გივიაშვილი და ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე.

facebook icon twitter icon linkedin icon
+1
20 დეკემბერი, 2023

ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...

+4
07 სექტემბერი, 2023

6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...

სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...

+2
12 ოქტომბერი, 2022

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...

შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...