იუსტიციის მინისტრმა პროექტი „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისათვის“ შეაჯამა.
იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პროექტი „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისათვის“ შეაჯამა. თეა წულუკიანი პროგრამაში ჩართული უწყებებისა და ბიბლიოთეკარების სამუშაო შეხვედრას დაესწრო და მის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ, აგრეთვე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი შიო ხეცურიანი და პროგრამის დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
რაიონულ ცენტრებში ადგილობრივი ბიბლიოთეკების გაძლიერების ინიციატორი იუსტიციის მინისტრია. მისი გადაწყვეტილებით, საქართველოს 2 სოფელში − ნუკრიანსა და ხიდისთავში, იუსტიციის სამინისტროს ახალი ტიპის საზოგადოებრივი ცენტრები გაიხსნა, რომლებიც ბიბლიოთეკებთანაა ინტეგრირებული. თანამედროვე ტიპის შენობებში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას 200-ზე მეტი სახელმწიფო სერვისის მიღება შეუძლია, წიგნის მოყვარულებს კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურის გაცნობის ან ხელახლა გადაკითხვის შესაძლებლობაც აქვთ.
„იუსტიციის სახლების სერვისები მხოლოდ დიდი ქალაქების ფუფუნება არ უნდა იყოს, ამიტომ ჩვენ ავაშენეთ საზოგადოებრივი ცენტრები შაშიანში, სართიჭალაში, გომში, რუისში, ჭალადიდში, ხევში, მანგლისში, კოდაში, ფოკაში, ნიგოითში, ჯვარში, შორაპანში, ყვარელწყალში, მუხაესტატეში, გეგუთში, მეჯვრისხევში, კაჭრეთში, ხიდისთავში, ნუკრიანში, კორბოულში, ღორეშაში, კაზრეთში, შილდაში, ორსანტიასა და ქვემო ნატანებში. მათ შორის, ხიდისთავსა და ნუკრიანში საზოგადოებრივი ცენტრები ადგილობრივ ბიბლიოთეკებთანაა ინტეგრირებული და ამ საპილოტე მოდელმა ძალიან გაამართლა“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
ბიბლიოთეკები წიგნის მოყვარულებს თანამედროვე გარემოს სთავაზობს. ახალგარემონტებული სივრცე უახლესი ტექნიკითა და ინტერნეტითაა აღჭურვილი, ფუნქციონირებს ბავშვთა ოთახები; ინტერიერი ისეა მოწყობილი, რომ მკითხველმა თავი მყუდროდ და კომფორტულად იგრძნოს; რბილი, ფერადი სავარძლები და პუფები, მოხერხებული მაგიდები და წიგნის ღია სტელაჟები ყველა ასაკის წიგნის მოყვარულს უქმნის კითხვისათვის სასურველ გარემოს; საინტერესო ლიტერატურის მოძიება ნებისმიერი გემოვნების მკითხველს შეუძლია, რადგან სამკითხველოები ახალგამოცემული წიგნებით სისტემატურად მარაგდება; ტარდება ტრენინგი ბიბლიოთეკარებისათვის, რაც მათ საშუალებას მისცემს, დამოუკიდებლად მიმართონ საპროექტო განაცხადებით მუნიციპალიტეტსა და სხვა ორგანიზაციებს და, მომხმარებელთა გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, ბიბლიოთეკაში არსებული IT ინფრასტრუქტურის ეფექტური მენეჯმენტი განახორციელონ. ბიბლიოთეკარები IT უნარებში სოფლის მოსახლეობისთვის ტრენინგებიც ჩატარებასაც შეძლებენ, რაც სოფლად მცხოვრებთათვის უაღრესად მნიშვნელოვანია. იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრებთან ინტეგრირებულ ბიბლიოთეკებში ოთხი თვის განმავლობაში მკითხველთა რიცხვი, დაახლოებით, ოცჯერ გაიზარდა.
უახლოეს მომავალში იუსტიციის სამინისტროს ახალი ტიპის საზოგადოებრივი ცენტრები კიდევ ოთხ რეგიონში გაიხსნება. საჯარო ბიბლიოთეკებთან ინტეგრირებული იქნება ბაკურიანის, ფასანაურის, ბერძენაულისა და ვალეს ცენტრები.
პროექტის − „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისათვის“ − ფარგლებში იუსტიციის სამინისტრო ზუგდიდისა და ხობის ბიბლიოთეკებსაც დაეხმარა; სამკითხველოები ინტერნეტითა და ტექნიკით აღჭურვა და მათთვის ახალი გამოცემები შეიძინა.
პროექტი საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) მხარდაჭერით საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასა (GLA) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით განხორციელდა.
+1
ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...
+4
6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...
სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...
+2
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...
შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...