სიახლეები

03 ივნისი, 2015

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ ევროპის რეგიონული კონფერენცია გაიხსნა

3 ივნისს თბილისში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ევროპის რეგიონული კონფერენცია იმართება. საქართველო პირველი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც პარტნიორობის მაღალი დონის შეხვედრას მასპინძლობს. კონფერენციის ჩასატარებლად „OGP“-ის მონაწილე 65 ქვეყანას შორის საქართველომ მასპინძელი ქვეყნის სტატუსი ღია მმართველობის კუთხით წარმატების გამო მოიპოვა.

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ ევროპის რეგიონული კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. სტუმრებსა და დელეგატებს მიესალმნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრი რეფორმებისა და სახელმწიფო სერვისების გამარტივების დარგში ტიერი მანდონი, „OGP“-ის სამდივნოს დირექტორის მოადგილე ჯოზეფ პაუელი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები.

„OGP“-ის ევროპის რეგიონულ კონფერენციაში 40-ზე მეტი ქვეყნის დელეგატები − სამთავრობო უწყებებისა და  საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მონაწილეობენ. სპეციალურად კონფერენციისათვის საქართველოს ესტუმრნენ საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრი რეფორმებისა და სახელმწიფო სერვისების გამარტივების დარგში, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, თურქეთის, სლოვაკეთის, სერბეთის, რუმინეთის, ნორვეგიის, ნიდერლანდის, მონტენეგროს, მალტის, იორდანიის, ირლანდიის, უნგრეთის, ჩეხეთის, ხორვატიის, ბულგარეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის დელეგაციები. ისინი ერთმანეთს   საკუთარ მიღწევებს უზიარებენ ღია მმართველობის კუთხით. საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა, სტუმრებს საკუთარ შედეგებს აცნობს.  საკონფერენციო სივრცეში წარმოდგენილია შოურუმები, სადაც იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ექვსი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მთავრობის ადმინისტრაცია, საჯარო სამსახურის ბიურო და შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენენ ელექტრონულ სერვისებს.

ღია მმართველობის კუთხით, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველომ ბევრ ევროპულ ქვეყანაზე უკეთესი შედეგები აჩვენა.

  • საქართველოს მთავრობა ერთ-ერთი ყველაზე ღია და გამჭვირვალე მთავრობაა პარტნიორობის წევრ ქვეყანათა შორის − 2013 წლიდან მოქმედებს საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც საჯარო უწყებებს ავალდებულებს, პროაქტიულად გამოაქვეყნონ საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით, ისე, რომ არ დაელოდონ მოთხოვნას;
  • საქართველოს მთავრობისათვის ღია მმართველობა ქვეყნის მართვის ძირითადი პრინციპია − 2012 წლის ოქტომბრიდან საქართველოში ფართომასშტაბიანი რეფორმები ტარდება ინსტიტუციური დემოკრატიის დასამკვიდრებლად. ამ რეფორმების მთავარი მიზანი ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება, მათი გამჭვირვალობისა და ღიაობის გაზრდაა;
  • საქართველო კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რისკის მქონე ქვეყანაა მსოფლიოში − საერთაშორისო კვლევების თანახმად, კორუფციის რისკების მიხედვით, მსოფლიო ინდექსში საქართველო მე-11 ადგილზეა. ის უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: ნორვეგია, შვეიცარია, ჰოლანდია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ავსტრია;
  • სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით საქართველო სამაგალითოა არა მხოლოდ რეგიონული, არამედ მსოფლიო მასშტაბით − სერვისები ხელმისაწვდომი, სწრაფი და კომფორტულია არა მარტო დიდ ქალაქებში, არამედ დაბებსა და სოფლებში, რასაც იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები უზრუნველყოფენ;
  • საქართველოს აქვს მმართველობაში მოქალაქეების ჩართულობისა და მონაწილეობის სამაგალითო მექანიზმი − ღია მმართველობის ფორუმი, რომლის ფარგლებშიც მთავრობა უწყვეტი დიალოგის რეჟიმშია არასამთავრობო სექტორსა და საზოგადოებასთან;
  • სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის გამარტივებული ურთიერთობის მექანიზმია პორტალი „my.gov.ge“ – საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტის საშუალებით ამ ვებგვერდიდან მიიღონ 70-ზე მეტი მომსახურება. პორტალზე წვდომა შესაძლებელია ტაბლეტებითა და სმარტფონებითაც.

ევროპის რეგიონული კონფერენციის თბილისში ჩატარების გადაწყვეტილება „ღია მმართველობის პარტნიორობამ“ ეტაპობრივად, საქართველოს შედეგების შეფასებით მიიღო. ჩვენი ქვეყნის, როგორც პარტნიორობის მონაწილე სახელმწიფოს, წარმატება სხვადასხვა ფორმით აღინიშნა: 2013 წელს საქართველო მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს − აღმასრულებელ კომიტეტში ჩვენს ქვეყანას იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს; 2013 წლის 1 ნოემბერს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ყოველწლიურ სამიტზე ლონდონში ქართული რეფორმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სფეროში 7 ყველაზე წარმატებულ პროექტს შორის დაასახელეს.

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ რეგიონული კონფერენციის თბილისში ჩატარება საქართველოს, როგორც „OGP“-ის პარტნიორი ქვეყნის, წარმატების კიდევ ერთი აღიარებაა.

„ღია მმართველობის პარტნიორობა“ აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მთავრობებისა და სახელისუფლებო შტოების მეტ გამჭვირვალობას გულისხმობს. პარტნიორობის მონაწილე ქვეყნის მთავრობები იღებენ ვალდებულებას, მოქალაქეებისათვის იყვნენ უფრო ღია და გახსნილი, ჩართონ ისინი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ხელმისაწვდომი და კომფორტული გახადონ სახელმწიფო სერვისები. აღებული ვალდებულებების შესრულების ხარისხით განისაზღვრება ქვეყნის წარმატება „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში.

facebook icon twitter icon linkedin icon
+1
20 დეკემბერი, 2023

ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...

+4
07 სექტემბერი, 2023

6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...

სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...

+2
12 ოქტომბერი, 2022

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...

შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...